photo

5 წლის გიორგი, 16 წლის ლევანი, 36 წლის ლილე, 2 წლის მარიამი, 25 წლის თეკლა - მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ, რისი საშუალებაც მათ ოჯახებს არ გააჩნდათ. 2013-2016 წლებში, დმანისის „ქალთა ოთახმა“ ხუთი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა და ჯამში 21 000 ლარი შეგროვდა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

ყველაფერი კი 2013 წელს დაიწყო, როცა 5 წლის გიორგის დედა დმანისის მუნიციპალიტეტის ახალ გახსნილ „ქალთა ოთახში“ სასოწარკვეთილი მივიდა; ოჯახმა თითქმის ყველაფერი გაყიდა იმისთვის, რომ პატარასთვის გულის ოპერაცია გაეკეთებინა თურქეთში, მაგრამ მათ არ ჰქონდათ საკმარისი თანხა დედის გასაყოლებლად. მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლო მთლიანი ხარჯის დაფარვა, ამიტომაც „ქალთა ოთახის“ მენეჯერმა მეგი ედიბერიძემ გადაწყვიტა საქველმოქმედო ღონისძიების მოწყობა. ის თბილისურ საქველმოქმედო ფონდს „იმედის ხელი“ დაუკავშირდა და მათი დახმარებით დმანისში ერთობლივი კონცერტი მოაწყო, სადაც ცნობილი მომღერლები დედაქალაქიდან ჩავიდნენ და უსასყიდლოდ იმღერეს. 400-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი შეიკრიბა მუნიციპალიტეტის ცენტრში ცნობილი სახეების სანახავად. გიორგის დედის ტრანსპორტირებისთვის საკმარისი თანხაც შეგროვდა და ახლა ჯანმრთელი გიორგი უზრუნველად თამაშობს თავის უმცროს დასთან ერთად, რომელიც გიორგის გამოჯანმრთელების შემდეგ გაჩნდა.