photo

ნანა სარდლიშვილი იმ ქალბატონთა შორისაა, ვინც მუდმივად ფიქრობს საკუთარი ოჯახის და საზოგადოების განვითარებასა და კეთილდღეობაზე. მისი პატარა და ლამაზი სოფელი ცხრაკუდიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წლების მანძილზე სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდიდა. ორი წლის წინ ნანამ მონაწილეობა მიიღო სოფლის კრებაში, სადაც სოფლის მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა დაფინანსებულიყო ბიუჯეტიდან მათ სოფელში. ნანამ წყლის მომარაგების პრობლემის საკითხი წამოჭრა, მას სხვა ქალებმაც დაუჭირეს მხარი და დღეს სოფელ ცხრაკუდიანში სასმელი წყალი უკვე ყველა ოჯახის ეზოში მოდის. ამ წარმატების შემდეგ, ცხრაკუდიანელი ქალები უფრო გააქტიურდნენ და გასული წლის კრებაზე სოფლის შემოღობვის იდეც წამოაყენეს მსხვილფეხა საქონელისგან ნათესების დაცვის მიზნით. მუნიციპალიტეტმა უკვე შეიძინა სოფლის შემოსაღობად საჭირო მეტალის ბადე და ჭიშკარი და ახლა მათი ინსტალაცია მიმდინარეობს.