photo

სამი შვილის დედა, 49 წლის შუშანა ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილებში ცხოვრობს, სკოლაში ასწავლის და 4 წელია თავის პატარა ბიზნესს - საოჯახო სასტუმროს უძღვება. საკუთარი საქმისადმი გულითადმა დამოკიდებულებამ მისი სტუმრების რაოდენობაც გაზარდა და ახალი საზრუნავიც გაჩნდა - სასტუმროს განახლების საჭიროება. ქალს ძალიან უნდოდა თავის სტუმრებისთვის უკეთესი პირობები შეექმნა, მაგრამ როგორ?

შუშანამ ტელევიზიით გაიგო, რომ სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მცირე ბიზნესის დასახმარებლად გრანტები გაიცემოდა, მაგრამ არ იცოდა, საიდან დაეწყო ან როგორ მიეღო მონაწილეობა ამ პროგრამაში. დამხმარედ შუახევის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახი“ გამოუჩნდა. „ქალთა ოთახის“ მენეჯერი შუშანას ბიზნეს გეგმის და საპროექტო განაცხადის დაწერაში დაეხმარა, შემდეგ იყო კონკურსი და გამარჯვება. მიღებული 10 000 ლარით შუშანამ განაახლა პატარა სასტუმრო და ახალი ავეჯიც შეიძინა. მანამდე უსახელი სასტუმროს „მარეთი“ დაარქვეს და ახლა შუშანა ფუტკარაძე თავის ოჯახთან ერთად მზად არის მაღალმთიანი აჭარაში ასულ უფრო მეტ ტურისტს უმასპინძლოს.