photo

35-40 წელს გადაცილებული, სოფლად მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალებისთვის სწავლა-განათლების მიღების საკითხი არც კი განიხილება, მერე რა, რომ არც აზერბაიჯანული იციან კარგად და ქართულად თითქმის სიტყვაც კი არ ესმით, - ასეთია საზოგადოებრივი აზრი. საბედნიეროდ, თავად ისინი სხვა აზრისანი არიან.

მინაია გოჯაიოვას და მის 6 თანასოფლელ ქალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარიდან დიდი ხანია ქართულის სწავლა უნდოდათ და როცა ახალი მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები მათ სოფელში ჩავიდნენ, პირველი, რაც მოითხოვეს, ქართული ენის შესწავლაში დახმარება იყო. „ქალთა ოთახის“ მენეჯერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „ისწავლე ქართული“-ს წარმომადგენლებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის დაფინანსებით ხორციელდებოდა, ქოსალარელი ქალების პროგრამაში ჩართვა სთხოვა. ეს ამბავი კი იმით დასრულდა, რომ 40 ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალი ქოსალარიდან და მეზობელი სამშვილდედან 3 თვის მანძილზე ქართული ენის სწავლების ინტენსიურ კურსს გადიოდა. მათგან ერთ-ერთი იყო მინაიაც, რომელიც სოფლის დაწყებით კლასებში ქართულს ასწავლის და ახლა თავის მოსწავლეებს გაცილებით ხარისხიან ცოდნას აძლევს და თავისუფლად ესაუბრება ქართულად.