მუნიციპალური ისტორიები
ავტობუსი საბავშვო ბაღისთვის
მარი ახალმოსულიშვილი, 32 წლის ინგლისური ენის პედაგოგი და სამი მცირეწლოვანი შვილის დედა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთიდან, საბავშვო ბაღში შვილების მიყვანაზე დიდი ხანია ოცნებობდა. მის პატარა სოფელში ბაღი საერთოდ არაა, მეზობელი სოფლის, ასურეთის საბავშვო ბაღში ბავშვების ტარება კი დამატებით სახსრებს მოითხოვდა. ამავე პრობლემის წინაშე იდგნენ ენაგეთში მცხოვრები სხვა ახალგაზრდა დედებიც.
2015 წლის შემოდგომაზე, როცა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალი მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ მენეჯერი სვეტა დარჩიაშვილი ენაგეთელ ქალებთან მათი საჭიროებების გასაგებად ჩავიდა, მარიმ და მისმა 11-მა მეგობარმა მათი პრობლემის გადაჭრის გზა იპოვეს. „ქალთა ოთახის“ მენეჯერის დახმარებით, ქალებმა გამგებლის სახელზე წერილი დაწერეს და მუნიციპალური ტრანპორტის დანიშვნა ითხოვეს, რომელიც მათ შვილებს მეზობელი სოფლის - ასურეთის საბავშვო ბაღში ატარებდა.
ხშირად ასეა, გამოსავალი თავად უნდა შევთავაზოთ ადგილობრივ ხელისუფლებას. სპეციალური მუნიციპალური ტრანსპორტი ერთ თვეში დაინიშნა და ახლა მარის 2 შვილი და კიდევ 9 ენაგეთელი ბავშვი ყოველდღე თამაშობს და სწვლობს ასურეთის საბავშო ბაღში, საღამოს კი იმავე ავტობუსით ბრუნდებიან სახლებში. მარის კი, თავის მხრივ, უფრო მეტი თავისუფალი დრო გაუჩნდა საკუთარი პროფესიული უნარების გასავითარებლად.
„ენერგია და ჯანსაღი გარემო ავსებს სოფლის ცხოვრებას, უბრალოდ მეტი ინიციატივა და მონდომებაა საჭირო ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენ გვინდოდა შეგვეცვალა გარემო უკეთსობისკენ და ეს გამოგვივიდა,“- ამბობს მარი.